თეგი: საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებულებს, 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. „აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩვეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა მომხდარის შესახებ უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინათ. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება. გორის რაიონულმა სასამართლომ, ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

პროკურატურა: ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ, დაკავების განჩინებები გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. „სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა. დაკავების განჩინებები გამოიცა მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. მინძაევი დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2005-2008 წლებში, გუჩმაზოვი დე-ფაქტო შს სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2008 წლის ომის დროს, ხოლო დავით სანაკოევი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი იყო. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. მათვე ცნობით, წინასასამართლო პალატის მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა. „აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დიდ წარმატებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

პროკურატურა: საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაში არის აღნიშნული. უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. „მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე. საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისთვის პროკურატურამ 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ბრალდებულები ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 498 978 ლარს დაეუფლნენ. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“, რომელთა სახელით დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე ე.წ. დღგ-ს ფიქტიურ აქტივს ქმნიდნენ, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ. ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით, 277 823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილი ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ხსენებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 221 155 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდება 4 პირს - სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება); სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება); 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 2 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა, ხოლო 2 პირს - გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს. ასევე,ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ კაფე „რეტროს“ მეპატრონეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში კაფე „რეტროში“, მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.